11/04/2024

ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის მხარდაჭერით სემეკთან არსებულ ენერგეტიკის სასწავლო ცენტრში მიმდინარე პროექტის - „ვიშეგრადის ქვეყნების გამოცდილების გაზიარება კომუნალური მომსახურების რეგულირების შესახებ“ ფარგლებში ქ. ზუგდიდში შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაში მონაწილეობას იღებდნენ ქ. ზუგდიდში სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის თვითმმართველობისა (ზუგდიდი, სენაკი, მესტია, ფოთი, წალენჯიხა) და კომუნალური კომპანიების წარმომადგენლები.

ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის საბჭოს წევრმა, ელეონორა ლაგვილავამ და ცენტრის ექსპერტმა, თემურ თორდინავამ შეხვედრის მონაწილეებს გააცნეს პროექტის მნიშვნელობა და დაგეგმილი ღონისძიებები.

ელეონორა ლაგვილავას თქმით, პროექტის მთავარ მიზანს წარმოადგენს საქართველოსთვის ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების კომუნალური მომსახურების რეგულირების საკითხებში ჩეხეთის, პოლონეთისა და სლოვაკეთის გამოცდილების გაზიარება, რომელიც ხელს შეუწყობს ქვეყანაში მიმდინარე პროცესების კიდევ უფრო გაუმჯობესებას.

თემურ თორდინავამ შეხვედრის მონაწილეებს გააცნო პროექტის ფარგლებში დაგეგმილი კვლევა. მისი თქმით, კვლევის კომპონენტით შესაძლებელი იქნება არსებული საჭიროებების, გამოწვევებისა და ტენდენციების იდენტიფიცირება და მათი გადაჭრის გზების დაგეგმვა.

პროექტის პარტნიორები არიან: სლოვაკეთის საგარეო პოლიტიკის ასოციაციის კვლევითი ცენტრი (RC SFPA) (სლოვაკეთი), კარლის უნივერსიტეტის გარემოსდაცვითი ცენტრი (ჩეხეთი), ფონდი "პარტნიორები კლიმატისთვის" (P4C) (პოლონეთი).