31/07/2026
ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის (IVF) მხარდაჭერით, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) მიერ დაფუძნებულ ენერგეტიკის სასწავლო ცენტრში მიმდინარე პროექტის- „ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის უსაფრთხოება კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების დროს“, ფარგლებში ფოკუს ჯგუფის ფორმატში დისკუსია გაიმართა. დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს სემეკის, ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის, ენერგოომბუდსმენის, ენერგეტიკის სექტორში მოქმედი კომპანიების, აკადემიური წრის წარმომადგენლებმა და დარგის ექსპერტებმა.
დისკუსიის მიზანს წარმოადგენდა საქართველოს ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის მზადყოფნის შეფასება კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების დროს. კერძოდ, არსებული პრობლემების იდენტიფიცირება; ძირითადი ტენდენციების, გამოწვევებისა და საჭიროებების გამოვლენა და წინადადებების შემუშავება მდგრადობის ასამაღლებლად. დისკუსია წარიმართა კითხვა-პასუხის რეჟიმში შემდეგ საკითხებზე: ნორმატიული ბაზა, ტექნიკური სტანდარტები, მზადყოფნა, პროგნოზირება, რეაგირება და საჭიროებების განსაზღვრა ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის უსაფრთხოებისთვის კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების დროს.
პროექტის მიზანია ვიშეგრადის ქვეყნების (უნგრეთი, ჩეხეთი, პოლონეთი, სლოვაკეთი) გამოცდილების გაზიარება საქართველოსთვის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის მდგრადობისა და კლიმატთან დაკავშირებული კატასტროფების მიმართ მზადყოფნის საკითხებზე. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია კვლევის მომზადება, საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკისა და რეგულაციების შესწავლა, პრაქტიკული გზამკვლევის, ასევე საერთაშორისო ექსპერტების მიერ შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება. პროექტი ასევე ითვალისწინებს საჯარო ლექციებსა და ტრენინგებს. საპილოტე რეგიონად შერჩეულია გურია.
პროექტის ფარგლებში შექმნილია სპეციალური ვებ-გვერდი www.v4share.com.